საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას მოუწოდებს ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.
როგორც პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი არ უნდა მიეცეს ერთპარტიული მმართველობის ცდუნებას. მან აგრეთვე ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ პარტიებმა ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატი უნდა გამოიყენონ.
"უარის თქმა პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია. ამ როლთან ერთად, ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციის წარდგენას და არა ქუჩაში დგომას. ოპოზიციის ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების გამოყენებას", - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში სჭირდება, რათა, როგორც პრეზიდენტი ამბობს, შეცდომების დაშვების რისკი შემცირდეს.
"უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია. მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს. უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს.
მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას - რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას - რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებას მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია. საკითხი კენჭისყრაზე 2 თებერვალს უნდა დადგეს.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ და მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.